დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ახალციხეს ესტუმრა. დიმიტრი ქუმსიშვილი პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მონაწილე მეწარმეებს შეხვდა. უწყების პირველმა პირმა პროექტის შესახებ ისაუბრა და გამარჯვებულებს სიგელები გადასცა.
„აწარმოე საქართველოში“ პროგარმაში გამარჯვებულ მეწარმეებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ახალციხეში შეხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის მიზნებზე ისაუბრა და განმარტა, რომ პროგრამა ქვეყანაში ეკონომიკას განავითარებს, მის ფარგლებში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.
პირველ ეტაპში მონაწილე მეწარმეებიდან, სამცხე–ჯავახეთში, 153 მათგანი შეირჩა. აქედან 114 ბიზნეს–იდეა უკვე დაფინანსდა. მათ უწყების პირველმა პირმა სიგელები გადასცა. გამარჯვებულებმა ეკონომიკის მინისტრს საკუთარი ბიზნეს–იდეები გააცნეს.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ 2016 წლიდან „აწარმოე საქართველოში“ ახალ ეტაპს დაიწყებს. მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ მასში ჩაერთონ და სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვონ, რომლის მეშვეობითაც ახალი ბიზნესის დაწყება ან არსებულის გაფართოება შეეძლებათ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრი მეწარმეებს ესტუმრა და მათ საქმიანობას ადგილზე დააკვირდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2015 წლის მარტის თვიდან დაიწყო და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა. პროგრამა „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“ კი მხოლოდ სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ხორციელდება.