გაფიცულმა მუშახელმა სამუშაოზე შესასვლელი გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა მხოლოდ საკვებით დატვირთული ავტომობილი შეუშვეს. საწვავისა და სამშენებლო მასალების მანქანები კი გზაზე არ გაატარეს.
მათთან კომპანიის დავალებით, კადრების თანამშრომელი გამოვიდა. ილია ბეჟაშვილმა მათ, ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად შესვლის მიზნით, ლიდერების სიის ჩამოწერა დაავალა, რაზეც გაფიცულმა თანამშრომლებმა კატეგორიული უარი განუცხადეს. მათი თქმით, აქციის პირველ დღეს, იგივე მიზეზით, 30 კაციანი სია ჩამოწერეს, რის შემდეგაც, ისინი აქციის მოთავეებად მიიჩნიეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მუშები შიშობენ, რომ შესაძლოა, დღესაც იგივე განმეორდეს.
კომპანიის წარმომადგენელმა შეკრებილებს ასევე განუცხადა, რომ რას ითხოვენ გაფიცული თანამშრომლები კონკრეტულად, ხელმძღვანელობამ არ იცის. აღნიშნულის შემდეგ, გაფიცულმა მუშებმა ხელმოწერების შეგროვება და მოთხოვნების დეტალურად ჩამოყალიბება გადაწყვიტეს.
ამ დროისათვის, ადგილზე მობილიზებულია სამცხე–ჯავახეთის რეგიონული მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
საპროტესტო აქცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გარდაბანშიც. მუშები აქაც სამუშაო საათებისა და ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს, ღამით, ახალციხის სასტუმროში დაბინავებული მუშახელი, რომელიც თბილისიდან და გარდაბნიდან იყვნენ, პოლიციის ძალით გამოასახლეს.