გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას აგრძელებენ. მუშახელი დღესაც ვალის საბაჟო გამშვები პუნქტიდან დაახლოებით, ნახევარ კილომეტრში, სოფელ არლის ტერიტორიაზე შეიკრიბა.
აქციის წევრები აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო გამოსვლები არ შეწყდება.
“აქ თურქები უფროსებად მოჰყავთ, მოვიდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ. ჯიბეებში ხელებჩაწყობილები დადიან და დიდ ხელფასს კი იღებენ. აქციას დღესაც ვაგრძელებთ. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ დავიშლებით” – აცხადებს აქციის მონაწილე ჯონი გელაძე.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები 2 დეკემბერს დიწყო. “სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის” ფარგლებში დასაქმებულებმა ხელმძღვანელობისგან სამუშაო საათებისა და შესაბამისად ანაზღაურების ოდენობის შემცირება გააპროტესტეს.
“სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტს” კომპანია BP კურირებს. სამუშაოებს კი ქვეკონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. ამ დროისათვის არლის მიწებზე საცხოვრებლების მშენებლობა მიმდინარეობს.
ადგილობრივებთან ერთად აქ თბილისიდან და გარდაბნიდან ჩამოსული მუშახელიც მუშაობდა, რომლებიც 2 დეკემბერს ღამით, სასტუმრო “White House”–დან, პოლიციის ძალით გაასახლეს.
BP პრობლემის მოგვარების ვალდებულებას ქვეკონტრაქტორ კომპანიებს აკისრებს, რომელთა წარმომადგენლებიც მედიასთან არ ურთიერთობენ.