ქალის ძირითად მოვალეობად, შვილების გაზრდასა და შთამომავლობაზე ზრუნვას, ზურაბ სარალიძის მსგავსად, კიდევ რამდენიმე ადგილობრივი ასახელებს. მამაკაცების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალი წამყვან პოზიციაზე საჭირო სულაც არ არის და თავისი აქტიურობით, ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს, ვერ შეცვლის. საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ განათლებული ქალის ჩართვა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არსებულ რეალობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს.
პოლიტიკის შექმნაში აქტიური მონაწილეობა ქალებმაც უნდა მიიღონ – ამბობენ ქალთა უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში. პარლამენტში, გენდერული კვოტირების შემოღებას, სწორედ ამ მიზეზით ითხოვენ. კანონპროექტის ინიციატორების თქმით, აღნიშნული, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ მიმართული დროებითი ზომაა.
ამ ინიციატივის მიხედვით, პროპორციულ სიაში, ყოველი მეორე ქალი იყოს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ქალთა რაოდენობა პარლამენტში, 18–დან 28–მდე გაიზრდება. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, კვორირების სისტემის შემოღების საჭიროებას იმ დისბალანსით ხსნიან, რომელიც თავს პოლიტკური გადაწყვეტილებების მიღებისას იჩენს.
სახელმწიფო ვერ მიაღწევს წარმატებას, ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლას, თუ ქვეყნის მმართველობაში ქალები არ არიან ჩართულნი – ფიქრობენ ორგანიზაციაში – „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის.“ მათი წევრების თქმით, ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად, საქართველოში არსებული წამახალისებელი მექანიზმები საკმარისი არ არის. რატომ სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკას – ამის საპასუხოდ, ახალციხის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ყველა ის საკითხი, რას ქალებს უფრო მეტად ეხებათ, მმართველობით ორგანოში სწრაფად და ეფექტურად წყდება მაშინ, როცა ამაში მეტი ქალია ჩართული.
ქალები საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ და მანდატების ნახევარს მაინც უნდა ფლობდნენ – ფიქრობენ სამოქალაქო სექტორში. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ კვოტების შემოღება ქალებისთვის არა პრივილეგიის მინიჭებას, არამედ მამაკაცებისთვის და ქალებისთვის, თანაბარი პირობების შექმნას გულისხმობს. ქალთა უფლებადამცველები ამბობენ რომ არსებულ არასახარბიელო ვითარებაზე ციფრები საუბრობენ. საქართველოს პარლამენტში, 150 წევრიდან, ქალი მხოლოდ 18 მათგანია, რაც დეპუტატების მხოლოდ 12% შეადგენს.