ქალაქ ახალციხის მერიას, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს, 25 ნოემბერს, ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, შენიშვნებთან ერთად დაუბრუნდა. დეპუტატებმა, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, უფრო დეტალური ინფორმაცია მოითხოვეს, რა თანხაა გათვალისწინებული ამა თუ იმ პროექტზე. 2016 წლის პროექტის მიხედვით, ქალაქ ახალციხის ბიუჯეტი, 9 მილიონ 31 ათას ლარს შეადგენს. ეს თანხა მიმდინარე წლის პროექტზე, 2 მილიონით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ქალაქის მერი ირწმუნება, რომ მომავალ წელს, ქალაქის ბიუჯეტი 2015–თან შედარებით, ბევრად მეტი იქნება. ახალციხის მერიაში, რეგიონული განვითარების ფონდიდან, 1 მლნ 700 ათას ლარს ელიან. გამოთანაბრებითი ტრანსფერით კი, ქალაქი ახალციხე 6 მილიონამდე ლარს მიიღებს. გიორგი კოპაძე, ინფრასტრუქტურის კუთხით, 5 მლნ. ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ,,ახალციხის ციხის“ გარდა, ყველა არასამეწარმეო იურიდიულ პირს დაფინანსება გაეზრდება. გიორგი კოპაძის თქმით, ის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს და მომავალი თვიდან, აიპებში დასაქმებულები, 25–35 %–ით გაზრდილ ხელფასებს აიღებენ. რბილი ინვენტარის, უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული ხარჯები 5 ათასიდან, 250 ათასამდე გაიზარდა. მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული თანხა ადმინისტრაციის ახალი შენობისთვის, ავეჯის შესაძენადაა საჭირო. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, მიმდინარე წლის ბიუჯეტის თითქმის იდენტურია. თუმცა პროექტში პირველად გაჩნდა მუხლი – კადრების მომზადება- გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, რისთვისაც 38 ათასი ლარია გამოყოფილი. სიახლეა 5 ათასი ლარი. ამით მერია ქონების, მათ შორის ახალი ადმინისტრაციული შენობის დაზღვევას აპირებს.
მომავალ წელს, არ იზრდება მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასები, თუმცა მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პირველად ჩნდება მუხლი – დანამატი, რომელიც 200 ათას ლარს შეადგენს. გიორგი კოპაძის განმარტებით, დანამატს, მერიაში, ის თანამშრომელი მიიღებს, ვინც მუშაობისას თავს გამოიჩენს. დანამატი არ არის გათვალისწინებული საკრებულოს თანამშრომელთათვის. თუმცა, საკრებულოში, ისევე როგორც მერიაში, 2016 წელს, პრემია 2–ჯერ გაიცემა. ამისთვის 163 ათასი ლარია გამოყოფილი.
2016 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული არ არის – ამბობენ ,,გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში.“ ჯიმშერ გოგოლაური იმასაც აპროტესტებს, რომ მუსიკალური სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის თანხა გამოყოფილი არ არის. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, ჯარიმების ხარჯზე გაზრდილი ბიუჯეტი უწოდა.
მომავალ წელს, 2015 წელთან შედარებით, მეტი თანხა დაიხარჯება გარე განათების, სახურავების და ფასადების რეაბილიტაციაზე, კეთილმოწყობის ღონისძიებებზე, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. 70 ათასიდან 186 ათასამდე გაიზარდა სპორტული მოედნების და საბავშვო ატრაქციონებისთვის გამოყოფილი თანხა. გაორმაგდა ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი და ის 109 ათას ლარს შეადგენს. ქალაქის პირველი პირები შემოსავლების გაზრდას ელიან. მათი ვარაუდით, მთავრობის მიერ, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დაბრუნებით, ქალაქის ბიუჯეტი 1 მლნ 500 ათასი ლარით შეივსება. ახალციხის მერი მიწის იმ ნაკვეთების გაყიდვასაც აპირებს, რომლებიც ქალაქს არა, თუმცა კერძო სექტორს სჭირდება.