ახალციხეში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, ენერგო ომბუდსმენმა ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალციხის სერვის–ცენტრს ოფიციალური წერილით მიმართა. აღნიშულთან დაკავშირებით, ა/ო ,,დემოკრატ მესხთა კავშირში“ პრესკონფერენცია გაიმართა. სარეკომენდაციო სახის დოკუმენტში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სერვის–ცენტრს მოუწოდებს, სამართლებრივი ფორმების შესაბამისად, წყლის ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა მოსახლისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განათავსოს.
,,დემოკრატ მესხთა კავშირში“ აცხადებენ, რომ წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის საჯაროობაზე წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვის–ცენტრს მიმართეს, სადაც განუმარტეს, რომ მსგავსი მონაცემები მათთან ელექტრონული სახით ინახება და მისი მიღება მოქალაქეებს მოთხოვნის საფუძველზე შეუძლიათ.
ახალციხეში სასმელი წყალის ხარისხით, ,,დემოკრატ მესხთა კავშირი“ პროექტ ,,ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, სექტებმრის თვეში დაინტერსდა. მათ ქალაქის 4 ქუჩაზე წყლის სინჯები აიღეს და ლაბორატორიული კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე სასმელი წყალი უხარისხო გამოდგა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ისინი ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სერვისცენტრის შემდგომ ქმედებას დაელოდებიან, რომლის მიხედვითაც, მათ ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით ფორმა უნდა შეიმუშაონ.