ქალაქ ახალციხის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ამომრჩევლებს საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს. ქალაქის მერმა 2014 წლის 14 ივნისიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე მერიასა და საკრებულოს პირველმა პირებმა დამსწრეებისგან მადლობა მიიღეს. შეხვედრა დაწყებისთანავე „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატმა.
ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და საკრებულოს დეპუტატებმა 2014 წლის 14 ივნისიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს. შეხვედრას ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დეპუტატები და ადგილობრივი ამომრჩევლები დაესწრნენ. გიორგი კოპაძემ ყურადღება ქალაქში გახორციელებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე და განათლების სფეროზე გაამახვილა. დამსწრე საზოგადოებამ ხელმძღვანელ პირებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქალაქის მერმა ანგარიში უნდა ჩააბაროს გაჭირვებულ მოსახლეობას და არა თანამშრომლებს“ – აცხადებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატი. ჯიმშერ გოგოლაურმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე დატოვა. მისის თქმით, ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანები, მათი ნათესავები და ოჯახის მეგობრები.
ვის შეეძლო შეხვედრაზე დასწრება და როგორ გავრცელდა ინფორმაცია ანგარიშის წარდგენის შესახებ მოსახლეობაში – საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აიტვირთული იყო მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდზე, გარდა ამისა, მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელება რწმუნებულებსა და დეპუტატებს დაევალათ. თამარ გოგოლაძის თქმით, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო.
ანგარიშის წარდგენისას, ხმაური მოჰყვა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეპლიკებს, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ვადებს შეეხო.
ქალაქის თვითმმართველობის ანგარიში მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდზე 10 დღის ვადაში აიტვირთება. მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჟუნალისტებთან ირწმუნება, არჩეული პირები მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებენ.