ქალაქ ახალციხის
თვითმმართველობის წარმომადგენლები ამომრჩევლებს, შესრულებული
საქმიანობის შესახებ ანგარიშს აცნობენ. შეხვედრა დაწყებისთანავე
დატოვა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” რეგიონულმა
კოორდინატორმა და საკრებულოს წევრმა. ჯიმშერ გოგოლაურის თქმით,
მისი პროტესტი გამოიწვია, იმ ფაქტმა, რომ შეხვედრას არა
ამომრჩევლები, არამედ გიორგი კოპაძის ნათესავები და ოჯახის
მეგობრები ესწრებიან.
“რომ შემოვედი დავინახე, რომ კოპაძე იჯდა და ზღაპრებს კითხულობდა. ამიტომ ავდექი და პროტესტის ნიშნად წამოვედი. ფაქტიურად, იქ ისეთი ადამიანები არიან შეკრებილნი, ვინც იქ მუშაობენ, მათი დები, მათი ძმები. იქ მე ვერ დავინახე გაჭირვებული მოსახლეობის კატეგორია. ქალაქის მერმა ანგარიში უნდა ჩააბაროს ქალაქის მოსახლეობას და არა თანამშრომლებს” – განაცხადა “მეცხრე არხთან” ჯიმშერ გოგოლაურმა.
2014 წლის 14 ივნისიდან მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე კითხულობს. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გოგოლაძე უძღვება.