ახალციხეში სასმელი წყილის პრობლემით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასთან არსებული, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი დაინტერესდა. ენერგოომბუდსმენს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირმა,“ წყლის ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ მიმართა, როცა ახალციხის ხუთი ქუჩიდან, ორში ხარისხის კუთხით დარღვევები აღმოჩნდა. წყლის ლაბორატორიული მაჩვენებლის მონაცემების მისაღებად, მათ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ ოფისს მიმართეს, თუმცა სრულყოფილი პასუხი ვერ მიიღეს.
,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტი განმარტავს, რომ სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის კანონის მიხედვით, წყლის მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, მომხმარებელს, წყლის მაჩვენებლების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდოს. თუმცა იოსებ ხითარიშვილის თქმით, რა სახით უნდა მოხდეს მისი გავრცელება, ამის მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ენერგოობმუდსმენს, ინფორმაციის გავრცელების ფორმის შემუშავებისთვის მიმართეს. როგორც „დემოკრატ მესხთა კავშირში“ განმარტავენ საკითხთან დაკავშირებით, მათი წარმომადგენელი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასთან არსებულ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს შეხვდება. ფაქტთან დაკავშირებით, დეტალები შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირმა“ ახალციხის ხუთი ქუჩის სასმელ წყალზე კვლევა, პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ჩაატარა.