დაბა ადიგენში ეგრეთწოდებულ გორგულის ხიდდთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. იმ სოფლების მაცხოვრებელები, რომლებიც ხიდით ყოველდღიურად სარგებლობენ, მის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათ პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვაც აქვთ მომზადებული, რომელსაც უახლოეს დღეებში გადაუგზავნიან.
„,დაიცავით ბავშვების უფლებები”, ,,მოგვხედე პრემიერო”, ,,მოვითხოვთ უსაფრთხო გადაადგილებას”– მსგავსი ტრანსფარანტებით, დაბა ადიგენში საპროტესტო აქცია გაიმართა. 50–მდე ადგილობრივი ე.წ ,,გორგულის ხიდის”, კახარეთის ჰესის არხისა და ხიდის მიმდებარე სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები აცხადბენ, რომ აღნიშნული ხიდი დაბას 10 სოფელთან აკავშირებს, თუმცა იგი მწყობრიდან არის გამოსული და მასზე გადასვლა ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ამ ეტაპზე გორგულის ხიდზე გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ჯებირების გამაგრებას ითვალისწინებს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სამუშაოები ზედაპირულია, გადასასვლელს კი საფუძვლიანი შეკეთება სჭირდება. საპროტესტო აქციის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი იყო. გოდერძი კუბლაშვილმა აქციაზე, პრემიერ-მინისტრთან გასაგზავნი მიმართვაც წაიკითხა, რომლსაც ხელს 10 სოფლის მოსახლეობა აწერს. საპროტესტო აქციას ადიგენის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატიც დაესწრო.
საპროტესტო აქციის მონაწილეები და ორგანიზარტორები, მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ელოდნენ, თუმცა „გორგულის ხიდთან“ გამგეობიდან არავინ გამოჩენილა. მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გამგებელმა გააკეთა. ზაქარია ენდელაძის თქმით, ადგილობირების არცერთი მოთხოვნა მათ კომპეტენციაში არ შედის, რადგან გზა, ხიდი და კახარეთის ჰესი ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის.
„გორგულის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საგზაო დეპარტამენტის ქვეკონტრაქტორი კომპანია „მეხეთი ავტოგზა“ ახდენს. როგორც „მეცხრე არხთან“ კომპანიის წარმომადგენელი თამაზ პეტაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე, მხოლოდ ზედაპირული სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ფეხით მოსიარულეებმა და მსუბუქი ავტომობილებით მძღოლებმა გადაადგილება შეძლონ. პეტაშვილის თქმით, ობიექტზე სატვირთოების მოძრაობა შეუძლებელია. „მეხეთი ავტოგზ“-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ხიდს კაპიტალური შეკეთება ესაჭიროება, თუმცა როდის გამოცხადდება ტენდერი აღნიშნულისთვის, ეს ჯერ არ იცის. მისთვის უცნობია, ისიც თუ როდის მოხდება 10 სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.
ეგრეთწოდებული გორგულის ხიდი, დაბა ადიგენთან 10 სოფელს აკავშირებს. მისი სრული რეაბილიტაციისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართვას მოსახლეობა უახლოეს დღეებში გაუგზავნის. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ობიექტების რეაბილიტაცია არ მოხდება, ადგილობრივები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.