სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული
პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე, ქალაქ
ახალციხის მერი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძისა და
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამგებლები ოფიციალური ვიზიტით
თურქეთში, ქალაქ არტაანში იმყოფებოდნენ.
სამცხე-ჯავახეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ ასევე, რეგიონში მოქმედი ბიზნესმენები, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის ხელმძღვანელები.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა არტაანის გუბერნატორთან აჰმედ დენიზთან, ქალაქ არტაანის მერთან ფარუქ ქოქსოისთან და სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან ჩეთინ დემირჯთან, სადაც მეზობელ რეგიონებს შორის მეგობრული კავშირების, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა რომ, ურთიერთობა, რომელიც სამცხე–ჯავახეთსა და არტაანის მხარეს შორის ყალიბდება მჭიდრო მეგობრობაზეა ორიენტირებული.
„ის კულტურა, ის ტურისტული პოტენციალი, რაც თქვენს რეგიონს გააჩნია ძალზედ მომხიბვლელია. გვიხარია, რომ თქვენი სახით მეგობარი მხარე გვყავს. იმედი გვაქვს კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს შორის ურთიერთობებს, სამცხე-ჯავახეთსა და არტაანში საკმაოდ დიდი პოტენციალია ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ ტურიზმის სფეროშიც, ამასთან გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობაც, ჩვენს შორის ორი სასაზღვრო გამტარი პუნქტის სახით“ – აღნიშნა არტაანის გუბერნატორმა აჰმედ დენიზმა.
არტაანის მერიაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, არტაანის მერმა ფარუქ ოქსოიმ ისაუბრა აგრეთვე, ამ შეხვედრების მნიშვნელობაზე და მიიღო ქართული მხარის შეთავაზება ქალაქ არტაანს და ქალაქ ახალციხეს შორის ურთიერთმეგობრობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ. მან ქალაქ ახალციხის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ფესტივალზეც მიიპატიჟა.
„ მისასალმებელია ახალციხისა და არტაანს შორის დამეგობრების იდეა, ვფიქრობ საქმიანი, საპროტოკოლო შეხვედრების გარდა, სამუშაო ჯგუფმა უნდა იმუშაოს ერთობლივი კულტურული ღონისძიებებისა თუ ფესტივალების ჩასატარებლად, რათა ჩვენი მოსახლეობა ახლოს გაეცნოს ერთმანეთის კულტურას, შემოქმედებას, ტრადიციებს. დარწმუნებული ვარ, ეს სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ურთიერთობებს კიდევ უფრო აქტიურს გახდის.“– განაცხადა ქალაქ არტაანის მერმა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნეს-ფორუმი, რომელსაც 100 -მდე
თურქი ბიზნესმენი დაესწრო. მხარეებმა იმსჯელეს მეზობელ რეგიონებს
შორის აქტიური სავაჭრო კავშირებისა და სასურველი ბიზნესგარემოს
შექმნის აუცილებლობაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმის სფეროში
ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე. ქართული დელეგაციის
წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილე თურქ ბიზნესმენებს შესაბამისი
ვიდეო და ფოტოსლაიდების მეშვეობით რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული
პოტენციალი გააცნეს.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა არტაანის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად მონაწილეობა ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნაში მიიღეს.