ახალციხის მერიამ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაიწყო. პირველი პირების თქმით, მთავარი პრიორიტეტები ქალაქში არსებული პრობლემები იქნება. თვითმმართველი ორგანო მოსახლეობასთან შეხვედრებს რამდენიმე დღეში დაიწყებს.
ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სოციალურ პრობლემების მოგვარება – ეს ის საკითხებია, რომლის ასახვაც ახალციხელებს, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სურთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქის შიდა ქუჩები და სასმელი წყლის სისტემა მოსაწესრიგებელია. მათივე თქმით, პრობლემებია საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებითაც. მოსახლეობა პარკირების პრობლემებზეც ჩივის.
ახალციხის მერი განმარტავს, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. გიორგი კოპაძე პრიორიტეტების შესარჩევად და საკუთარი გეგმების გასაცნობად მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. რა საკითხები აისახება, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, ქალაქის მერი არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ 2016 წლის ბიუჯეტში იგივე პრიორიტეტები შევა, რაც 2015 წელს იყო.
მერიის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ, ჯერ არაფერი იციან საკრებულოს დეპუტატებმა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალქის მომავალი წლის ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტი სოციალური პაკეტის გაძლიერება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უნდა იყოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ, მშენებლობებზე ადგილობრივების დასაქმება მოხდება. მთავრ პრიორიტეტებზე საუბრობს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრიც.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვის შემდეგ, ქალაქის მერია დოკუმენტს განსახილველად, წარმომადგენლობით ორგანოს გადაუგზავნის. მერიაში ამბობენ, რომ საკრებულოს წევრების გარდა, პროექტს ადგილობრივი მოსახლეობაც გაეცნობა და მასში შესწორებებს შეიტანს, რის შემდეგაც მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცდება. რა თანხა აისახება 2016 წლის ქალაქის ბიუჯეტში, ამაზე მერიაში ვერ საუბრობენ.