ახალციხის მერია ქალაქის გერბისა და დროშის
შესარჩევად, კონკურსს მესამედ, 22 ოქტომბერს გამოაცხადებს.
დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ საკუთარი
ნამუშევარი სამი კვირის ვადაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში
წარადგინონ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ, სიმბოლოების შესარჩევად, კონკურსი ორჯერ უკვე გამოაცხადა, მათ პირველ ეტაპზე ოთხი ნამუშევარი, მეორეზე კი სამი ნიმუში მიიღეს. ჰერალდიკის კომისიამ ესკიზებში ცვლილებები შეიტანა, საბოლოოდ, ორივე კონკურსზე წარდგენილი ყველა ნიმუში დაიწუნეს.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეთა ნამუშევრებს ჰერალდიკის კომისია მასალების მიღებიდან 5 დღის ვადაში შეარჩევს.
დღეს, 21 ოქტომბერს ცვლილება განხორციელდა კომისიის შემადგენლობაშიც. ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა ჯიმშერ გოგოლაურმა კომისია დატოვა. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიას ეკუთვნის და ადგილობრივ დონეზე მათი მუშაობა, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამიტომ, კომისიაში ყოფნის სურვილი არ აქვს.