კარწახის საბაჟო–გამშვები პუნქტი კვირას, 18 ოქტომბერს გაიხსნება– ამის შესახებ დღეს “თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა. რუსთაველის თეატრში გამართულ ფორუმზე, მინისტრი ჟურნალისტებს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.
“საკმაოდ საინტერესო პროექტებია, მათ შორის ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი მაგისტრალის ამოქმედება. რამდენიმე საინტერესო წინადადება გამოითქვა, რომ საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყანამ ტვირთები გაცვალოს. კვირას ჩვენ ახალ საბაჟო-გამშვებ პუნქტს გავხსნით, რომელიც ამ კონტექსტში ჯდება, ეს არის თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი კიდევ ერთი საბაჟო-გამშვები პუნქტი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საბაჟო–გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ, ქართულმა და თურქულმა მხარემ 25 აგვისტოს, ახალციხის სამხარეო გუბერნიაში გამართულ შეხვედრაზეც იმსჯელეს. იმ პერიოდში, მეზობელი მხარის არტაანის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტი, რომელიც კარწახს ესაზღვრება, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნებოდა.