აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლის სახელი, შესაძლოა, მთვარის ერთ–ერთ კრატერს დაერქვას. ამის შესახებ, 20–მდე ქართველმა და უცხოელმა ასტრონომმა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიმართ, სპეციალური მიმართვა მოამზადა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო კონფერენციის დასასრულს, მეცნიერებმა მიმართვის ტექსტი ერთობლივად ჩამოაყალიბეს და მას ხელი მოაწერეს.
ვიქტორ ჯაფიაშვილი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში 65 წლის განმავლობაში, 1949 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა. მას ევგენი ხარაძის მოადგილის პოსტი ეკავა.
მეცნიერის უმთავრესი მიმართულება მთვარისა და მზის სისტემის პლანეტებზე დაკვირვება იყო. იგი მთვარის ზედაპირის პოლარიზაციული მეთოდებით შესწავლაზე მუშაობდა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი შრომა სახელმწოდებით ,,მთვარის პოლარიზებული ატლასის შექმნა“ იყო, რომლისათვისაც მას საბჭოთა პერიოდში ერთ–ერთი პრესტიჟული, ბრედიხინის პრემია მიენიჭა.
წარმოშობით ბორჯომელი ასტრონომი 2015 წლის აგვისტოს თვეში გარდაიცვალა. მის შესახებ მოხსენება, საერთაშორისო კონფერენციაზე, მისმა მოწაფემ, ობსერვატორიის თანამშრომელმა, ოთარ კვარაცხელიამ წარადგინა. როგორც მეცნიერებმა განმარტეს, ამ დროისათვის, მთვარის ერთ–ერთი კრატერი მხოლოდ ერთი ქართველი მეცნიერის, მიხეილ ვაშაკიძის სახელს ატარებს.