სახელმწიფო სასწავლებლებში, პროფესიულ პროგრამებზე მისაღები გამოცდა დარეგისტრირებულმა აპლიკანტებმა დღეს, 11 ოქტომბერს ჩააბარეს. საგამოცდო ცენტრები ახალციხის რამდენიმე სკოლაში იყო გახსნილი. პროცესს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
სრული სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად კონკურსანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადაელახა და კითხვების 25% სწორი პასუხი უნდა გაეცა. აპლიკანტებისთვის, გამოცდის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტთა მიღება, რეგიონში, საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ოპიზარს“ და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 8 სპეციალობის 101 ადგილზე, 350 განაცხადი შევიდა. აქ ძირითადი მიმართულებები ფარმაცია, საბუღალტრო საქმე და ბაგა–ბაღის აღმზრდელია.
ახალციხის საზოგადოებრივმა კოლეჯმა წელს მიღება 18 სპეციალობის 338 ადგილზე გამოაცხადა. კოლეჯში 268 განაცხადი შევიდა. ყველაზე მაღალი კონკურსი ბუღალტრის, თმის სტილისტისა და ვებსპეციალისტის პროგრამებზეა.
პროფესიულ პროგრამებზე შემდეგი მიღება გაზაფხულზე გამოცხადდება.