ახალციხეში პარკირება ფასიანი გახდება – ამის შესახებ „მეცხრე არხს“ ქალაქის მერმა განუცხადა. გიორგი კოპაძის თქმით, მძღოლები ავტომანქანის გაჩერებისათვის თანხას ცენტრალურ ქუჩებზე და ტურისტულ ადგილებში გადაიხდიან. ადგილობრივები ინიციატივას უარყოფითად აფასებენ და მიაჩნით, რომ მანამდე საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების პრობლემა უნდა გადაიჭრას.
ფასიანი პარკინგები და სპეციალური საშვები, რომლითაც მძღოლები ისარგებლებენ, ახალციხეში, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. ქალაქის მერის თქმით, განთავსდება დამატებითი საგზაონიშნებიც. გიორგი კოპაძე მიიჩნევს, რომ საკითხი მოსაწესრიგებელია და მისი დარეგულირების ერთ-ერთი გზა სწორედ პარკირება იქნება. ქალაქის ხელმძღვანელი პირი ამბობს, რომ მძღოლებს თანხის გადახდა ცენტრალურ ქუჩებზე და ტურისტულ კომპლექსებთან ავტომანქანის გაჩერებისას მოუწევთ.
„მეცხრე არხთან“ საუბრისას ქალაქის მერმა ახალციხეში ყოფილი პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზეც ისაუბრა და აქ ფასიანი პარკინგის მოწყობა არ გამორიცხა. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის მტკიცებით, კი მერიამ აღნიშნული ადგილის მოწესრიგებისთვის, თანხა 100 ათას ლარზე მეტი, იმ პირობით გამოყო, რომ აქ ფასიანი ავტოსადგომი განთავსდებოდა და ტერიტორიიდან ქალაქის ბიუჯეტში თანხა შევიდოდა.
ფასიანი ავტოსადგომების შესახებ, ახალ ინიციატივას ადგილობრივი მძღოლები აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ ახალციხე პატარა ქალაქია და პარკირება ფასიანი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, ახალი გადასახადი მოსახლეობას დამატებით ტვირთად დააწვება.
ახალციხელები, ქალაქში საგზაონიშნებთან დაკავშირებითაც საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი პრობლემა არ არსებობს. თუმცა მოსახლეობაში იფორმირებულობის დაბალი დონეა და საგზაო წესებს ხშირად არღვევენ.
ახალციხეში საგზაო ნიშნების სიმცირესა და ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად განთავსებაზე, საკითხში კომპეტენტური ადამიანებიც საუბრობენ. ავტომობილის მართვის ინსტრუქტორი განმარტავს, რომ საგზაო ნიშნების მოუწესრიგებლობა ქალაქში ქაოსსა და ხშირ შემთხვევაში ავარიულ სიტუაციას ქმნის.
ქუჩებზე პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილების დახაზვასთან ერთად ახალციხის მერია საგზაო ნიშნების მოწესრიგებასაც გეგმავს. დეტალები ახალციხის საპატრულო პოლიციასთან უკვე შეთანხმებულია. პარკინგისა და ახალი საგზაო ნიშნების მოწყობისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 29 ათასი ლარი დაიხარჯება.