ეს სამსართულიანი შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტის მეორე ადმინისტრაციული შენობაა. აქ საოლქო საარჩევნო კომისია, სურსათის ეროვნული სააგენტო, პრობაციის ბიურო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული სამმართველო, სოციალური მომსახურების ცენტრი, ჯანდაცვის სამსახური, ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რამდენიმე შპს და პროფკავშირია განთავსებული. შენობაში ჩამსხვრეულია მინები, ზოგიერთი ოთახიდან ნარჩენებია გასატანი. აქ განთავსებული სამსახურის თანამშრომლებს შენობის კეთილმოწყობა სურთ.
საჯარო სამსახურებში ამბობენ, რომ სახურავი დაზიანებულია და შენობაში წყალი ჩადის. მოშლილია კანალიზაციის სისტემა, ფეკალური მასები უკანა ეზოში გათხრილ ორმოში ჩაედინება. ზოგიერთი სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ეზოში არსებული საპირფარეშოთი სარგებლობს. შენობაში წყალი 2 წელი არ მოდიოდა, სამსახურების ნაწილთან ეს პრობლემა 1 თვის წინ გადაიჭრა.
ზოგიერთმა უწყებამ შენობის მოწესრიგება თავად გადაწყვიტა და მისი სამსახურის ოთახები საკუთარი სახსრებით გაარემონტა. მათ შორისაა საოლქო საარჩევნო კომისია, საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სოციალური მომსახურების სააგენტო.
შენობამდე მისასვლელი გზის მდგომარეობის გამო, წვიმაში გადაადგილება რთულია – ჩივიან ადგილობრივები. ადიგენიში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ფასადური პოლიტიკის შედეგია ის, რომ 2012 წელს შენობის მხოლოდ წინა ფასადი შეიღება და ფანჯრები გამოიცვალა. გოდერძი კუბლაშვილი საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის რეაბილიტაცია მოსთხოვონ.
ადიგენის გამგებელმა ინტერვიუზე უარი იმის გამო განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს. გამგეობაში ჯერ არც ისაა დათვლილი, რა დაჯდება შენობის რეაბილიტაცია.
ადიგენის ადმინისტრაციული შენობა ბოლოს რამდენიმე ათეული წლის წინ გარემონტდა. ამას კედლებზე გაკრული რუსულენოვანი, საბჭოთა გაზეთებიც მოწმობს. საჯარო სამსახურის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მათი ოთახები გამგეობისა და საკრებულოს შენობის რეაბილიტაციის შემდეგ გარემონტდება.