გოდერძი კუბლაშვილი ადიგენი–უდე–არლის დამაკავშირებელი გზის პირველი კილომეტრის მონაკვეთის დაკეტვას ადგილობრივ ხელისუფლებას ურჩევს. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ 10 სოფელთან დამაკავშირებელ ხიდზე ხის ძელები დამპალია და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს.
კუბლაშვილი ირწმუნება, რომ ხიდის რეაბილიტაციას ადიგენის გამგეობას დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდა. ამის შემდეგ საკითხის მოგვარება მან პრემიერ–მინისტრთან სცადა და სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდის მდგომარეობის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მიწერა. კუბლაშვილი ამბობს, რომ წერილის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.
საგზაო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ მათ დაქვემდებარებაში არსებულ ხიდზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, სადაც ხის რამდენიმე ძელი შეიცვალა, ზედაპირი მოსწორდა და ჩანგრეული ადგილები, რომლებიც მგზავრებს საშიშროებას უქმნიდა, მიწით ამოივსო. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა მასთან გასაუბრება მაინც მოვახერხეთ. ზაქარია ენდელაძე არ უარყოფს, რომ აღნიშნული ხიდის შესახებ წერილი პრემიერ–მინისტრისგან მართლაც მიიღო.
სოფელ გორგულში 800 მეტრი სიგრძის შიდა გზა ბეტონის საფარით აღარ მოეწყობა, სამაგიეროდ ამ პროექტისთვის გამოყოფილი 75 ათასი ლარი ადიგენში ხიდების რეაბილიტაციას მოხმარდება – ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა 17 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ თუ საჭიროება იქნება, აღნიშნული თანხა გორგულის ხიდის აღდგენაზე დაიხარჯება.
საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ ხიდებს რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ უნდა ჩაუტარდეს – ამაზე ყველა ოპოზიციური პარტიიის წარმომადგენელი თანხმდება. უმცირესობა ხიდების საკითხის მოსაგვარებლად, ადიგენის თვითმმართველობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ეფექტურ კომუნიკაციას ურჩევს.
საგზაო დეპატრამენტის წარმომადგენელმა მერაბ მაღრაძემ ,,მე–9 არხთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ხიდის სრული რეაბილიტაცია იგეგმებოდა, თუმცა სპეციალისტების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რკინის კონსტრუქცია დატვირთვას ვერ უძლებს და საჭიროა აქ ახალი ხიდი აშენდეს. როდის დაიწყება ძველი ხიდის დემონტაჟი და ახალი კონსტრუქციის მშენებლობა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
საგზაო დეპატრამენტის წარმომადგენელმა მერაბ მაღრაძემ ,,მე–9 არხთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ხიდის სრული რეაბილიტაცია იგეგმებოდა, თუმცა სპეციალისტების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რკინის კონსტრუქცია დატვირთვას ვერ უძლებს და საჭიროა აქ ახალი ხიდი აშენდეს. როდის დაიწყება ძველი ხიდის დემონტაჟი და ახალი კონსტრუქციის მშენებლობა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.