პირველი აგვისტოდან რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის, რომელიც პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს ადგენს. რეგლამენტის მიხედვით, დაუშვებელია ეტიკეტზე, ან თანმხლებ დოკუმენტაციაში იმის მინიშნება, რომ პროდუქტი წარმოადგენს რძეს ან რძის ნაწარმს მაშინ, როდესაც მის შემადგენლობაში ცხოველისგან მიღებული პროდუქტის შემცველობა არ არის.
რეგლამენტის შესაბამისად, ბიზნესოპერატორმა, რომელიც რძის პირველად წარმოებას ეწევა, უნდა უზრუნველყოს, რომ ნედლი რძე მიღებული იყოს იმ ცხოველისაგან, რომელსაც არ აღენიშნება ინფექციური დაავადებების სიმპტომები. ამასთან დაწესებულია ჰიგიენური მოთხოვნებიც.
რეგლამენტით, ასევე, დადგენილია ის პირობები, რომლითაც რძისა და რძის ნაწარმის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს.
პროდუქტების ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასებას სახელმწიფო კონტროლის დროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო შიდა საწარმოო კონტროლოს დროს ბიზნესოპერატორი განახორციელებს.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო, ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტზე, მწარმოებელს პირველ შემთხვევაში 400 ლარით დააჯარიმებს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში 1200 ლარით.