ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში, მთებში მისასვლელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის თქმით, მოსახლეობა მთის მიმართულებით, ამ დრიოსათვის უპრობლემოდ გადაადგილდება. დაზიანებული გზის მონაკვეთი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკის გამოყენებით შეკეთდა. გამგებლის განმარტებით, სამუშაოებზე თანხა არ დახარჯულა, მოხდა მხოლოდ ტრაქტორის საწვავის ანაზღაურება.
“სამუშაოები დასრულებულია, გზა აღდგენილია. ის აჟიოტაჟი რაც მოხდა, ეს გადამეტებული იყო სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანის მიერ. მოსახლეობას გაეწია დახმარება, აღუდგა გზა, სხვათაშორის, მუნიციპალიტეტმა და მოსახლეობამ ერთობლივად, ფიზიკური ძალებით აღვადგინეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა” – განაცხადა ზაქარია ენდელაძემ.
გარდა ამისა, აღდგენილია დაზიანებული სასმელი წყლის სისტემა. გამგებლის განმარტებით, სისტემა მთაში ინდივიდუალურად მონტაჟდება. თუმცა, დაზიანებულ ადგილზე პლასტმასის მილები გადაბმულია და მოსახლეობას მთაში წყალი მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მთებში ძლიერი ნალექი, 27 ივლისს, საღამოს დაფიქსირდა. გადაუღებელი წვიმის გამო, ღვარცოფი წარმოიქმნა და სოფელ დერცელის მთებში მისასვლელი გზა წაიღო.