საკვებად უვარგისი თევზი, გაფუჭებული კვერცხი, უმარილო პური და შედარებით დაბალი ხარისხის ხორცი – ახალციხის სათნოების სახლის ბენეფიციარები იმ პრობლემებზე ჩივიან, რომლებიც კვების დროს აწუხებთ.
ბენეფიციარების უმეტესობა იმაზე ჩივის, რომ ულუფა მცირეა და მათ ვერ ანაყრებს. გარდა ამისა, უფასო სასადილო შაბათ–კვირას არ მუშაობს და შეჭირვებულები 2 დღე საკვების გარეშე რჩებიან. ბენეფიციართა ნაწილი წუხს იმაზეც, რომ სათნოების სახლის სადილი მცირეწლოვნებისთვის გათვალისწინებული არ არის. შეჭირვებულები პურთან და სხვა საკვებთან ერთად, ორშაბათობით ხორცის ნაჭერს, სამშაბათსა და პარასკევს თევზის 1 ნაჭერს, ოთხშაბათს კვერცხს, ხუთშაბათს კი ბულიონს მიირთმევენ.
უფასო სასადილოში გაფუჭებული კვერცხი რომ შევიდა, ამას აიპის დირექტორი და მზარეული არ უარყოფენ. მათი თქმით, შპს ,,იაფმა“ ხარვეზი მალევე აღმოფხვრა და ბენეფიციარებს საკვებად ვარგისი პროდუქტი მიაწოდა. ნებისმიერი საკვების ხარისხზე აიპის წარმოამდგენლები პასუხისმგებლობას სადისტრიბუციო კომპანიებს აკისრებენ. ბენეფიციარების ბრალდებებზე განმარტებები მზარეულმა პირად საუბარში გააკეთა.
შპს ,,საური“ გორიდან პურით სათნოების სახლს, ჯავშანსატანკო ნაწილსა და კიდევ რამდენიმე მაღაზიას ამარაგებს. უფასო სასადილო მისგან 1კგ. პურს 1,17 თეთრად ყიდულობს. ტენდერში მონაწილეობას 2 პირი იღებდა, მათ შორის უპირატესობა შპს ,,საურს“ მიენიჭა. კომპანიის წარმომადგენელი ბენეფიციართა ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მათი გამომცხვარი პური მაღალი ტექნოლოგით მუშავდება და გემური თვისებებითაც გამოირჩევა.
სათნოების სახლში, სურსათის ხარისხის კონტროლი ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს – ამბობს ,,მომხმარებელთა დახმარების ცენტრის“ ეკონომიკური მენეჯერი. რეზო სანდროშვილმა მეცხრე არხთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბენეფიციარები სურსათის ხარისხზე ჩივიან, მათ მსგავსი პრობლემები 2 თვის წინაც ჰქონდათ.
ახალციხის სათნოების სახლმა არამომგებიანი, არაკომერციული, იურიდიული პირის სტატუსით ფუნქციონირება 2 მარტიდან დაიწყო. აქ სადილს 168 ბენეფიციარი მიირთმევს. აიპის დირექტორი ნათია მელიქიძე კომენტარს არ აკეთებს, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. პირად საუბარში აღნიშნავს, რომ 10 თვის განმავლობაში შეჭირვებულთა გამოსაკვებად, ქალაქ ახალციხის ბიუჯეტიდან 75 ათასი ლარია გამოყოფილი. მელიქიძე ამბობს, რომ ბენეფიციართა ერთ–ერთ პრობლემაზე – ულუფის რაოდენობის გაზრდაზე მუშაობას აპირებს.
უფასო სასადილოთი მოსარგებლეების პრობლემებზე ახალციხის მერის მოადგილე საუბრობს. ზაზა თამარაშვილი ირწმუნება, რომ ბენეფიციარები ბევრად უკეთეს პირობებში იმყოფებიან და ულუფაც საკმარისია.
სათნოების სახლში ხორცის დისტრიბუციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ი/მ ხათუნა პეტრიაშვილი ახორციელებს. მისი თქმით, უფასო სასადილოში საქონლის ხორცი სასაკლაოდან, გაყინული ქათმის ბარკალი კი მაღაზიიდან მიაქვთ. ხათუნა პეტრიაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სათნოების სახლისთვის პროდუქტის მიწოდება კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს 09:00 საათამდე უნდა მოხდეს. ამას ხათუნა პეტრიაშვილის მეუღლე, კახაბერ პეტრიაშვილიც ადასტურებს. თუმცა ი/მ ხათუნა პეტრიაშვილმა ქათმის გაყინული ბარკლები უფასო სასადილოში სამშაბათს, იმ დროს მიიტნა, როცა ჩვენი გადამღები ჯგუფი სათნოების სახლში იმყოფებოდა. დისტრიბუტორმა ტრანსპორტირება მსუბუქი ავტომანქანით მოახდინა. კახაბერ პეტრიაშვილმა ჩვენთან სატელფონო საუბრისას აღნიშნა, რომ დისტრიბუციას მაცივრიანი მიკროავტობუსით ახორციელებს.
ხორცპროდუქტების ტრანსპორტირების წესზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი საუბრობს. კახა სოხაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს სურსათის ეროვნული სააგენტო შეისწავლის.
სათნოების სახლს დანარჩენი პროდუქტით, მათ შორის გაყინული თევზით, შპს ,,იაფი“ ამარაგებს, რომელიც 3–ჯერ ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, მეოთხედ გამოცხადებისას შეირჩა. როგორი ხარისხისაა თევზი, რომლითაც შეჭირვებულები იკვებებიან – კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.