ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მთებში ძლიერი ნალექი, 27 ივლისს, საღამოს დაფიქსირდა. გადაუღებელი წვიმის გამო ღვარცოფი წარმოიქმნა და სოფელ დერცელის მთებში მისასვლელი გზა წაიღო.
როგორც “მეცხრე არხთან” საუბარში ადგილობრივები ამბობენ, მთებში 200–მდე ადგილობრივი იმყოფება. ისინი გზის არარსებობის გამო, გამოსვლას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა მათ არ აქვთ სასმელი წყალი, რადგან ძლიერმა ნიაღვარმა წყლის სისტემაც მოშალა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილობრივების თქმით, წყალმა რამდენიმე მსხვილფეხა პირუტყვი გაიტაცა, თუმცა მათი გადარჩენა მოხერხდა.
სოფელ დერცელის სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ მომხდარის შესახებ, მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართეს, თუმცა ზაქარია ენდელაძემ ადგილობრივებს განუცხადა, რომ ბიუჯეტში გზის გასაწმენდად მუნიციპალიტეტს შესაბამისი სახსრები არ აქვს და მოსახლეობამ პრობლემა თავად უნდა მოაგვაროს.
ადიგენის გამგებლისაგან მიღებული უარის შემდეგ, მოსახლეობამ დახმარება, 112–ზე ითხოვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიციის ერთი ეკიპაჟი მივიდა. სამართალდამცველებმა მომხდარის შესახებ მოსახლეობისგან ინფორმაცია მოისმინეს, მათთვის გაურკვევლ დოკუმენტზე სამ ადგილობრივს ხელი მოაწერინეს და ტერიტორია დატოვეს.
ძალოვანების შემდეგ დერცელის მოსახლეობას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ეწვია. “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და მომხდარის შესახებ დეტალებს მთავარ გამოშვებაში მოგაწვდით.