ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების მინისტრის მოადგილემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფოხაძემ მოინახულეს. მათ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს და პრობლემის დროულ მოგვარებას დაჰპირდნენ.
ჩუნჩხის სკოლის ძირითად შენობასთან ერთად დამწვარია გვერდით მდებარე ხის ნაგებობა, რომელშიც განთავსებული იყო: სასკოლო ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ლაბორატორია, ზამთრისთვის მომარაგებული შეშა, დასაწყობებული მერხები და სკამები. დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლას დროებით სოფლის ადმინიტრაციულ შენობაში აგრძელებენ, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოუყო.
ჩუნჩხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების შენობას ხანძარი 1 ნოემბერს გაუჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. ადგილობრივებმა მოსწავლეების და მასწავლებლების გამოყვანა დროულად შეძლეს. ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. განადგურდა ახალი მერხები, ლაბორატორია და ზამთრისთვის მომარაგებული შეშა. აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეები ორი სოფლიდან – პტენიდან და ჩუნჩხიდან დადიოდნენ.