სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს. პოსტზე დავით გოგალაძე შეირჩა, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას უკვე ასრულებს.
გოგალაძესთან ერთად კონკურსი დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებმაც გაიარეს, რომლებიც დანიშვნასთან დაკავშირებით, ბრძანებას ელოდებიან.
სამხარეო ცენტრის ახალი უფროსის თქმით, ტესტირების შედეგად გამოცდაზე ბევრი კონკურსანტი ჩაიჭრა, თუმცა, მათ საშუალება მიეცათ ძალები მეორედაც მოესინჯათ. მისივე მტკიცებით, გარკვეულ პოსტებზე ადგილები კვლავ ვაკანტურია. ამასთანავე, რაიონული განყოფილება და რეგიონული საკოორდინაციო ცენტრი გაერთიანდა და დღეს უკვე ერთ სტუქტურად ჩამოყალიბდა . ასევე, გაერთიანდა შტატები და სახელწოდება შეიცვალა. მიუხედავად ამისა, დავით გოგალაძე ირწმუნება, რომ თანამშრომელთა რაოდენობა არ შემცირდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრში რეორგანიზაცია მეხუთე თვეა მიმდინარეობს.