ჟურნალისტების წერილი მზია ამაღლობელს
კოლეგები, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს წერილით მიმართავენ, რომელსაც ხელს 150-ზე მეტი ჟურნალისტი აწერს. მას წერილს “ვივამედში” დღეს შეუტანენ.
"ძვირფასო მზია,
ჩვენ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს უსამართლობასთან დაპირისპირება, თუმცა, კარგად გვესმის, რომ ეს ვერ შეედრება უსამართლობის იმ მასშტაბს, რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ახლა შენ მიმართ იყენებს! ასევე, კარგად გვესმის ამ უსამართლობასთან შენი უკომპრომისო ბრძოლის არსი – ეს ბრძოლა სრულიად ფასდაუდებელია და თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სამშობლოს გადარჩენას ემსახურება!
მაგრამ უკვე 33-ე დღეა შენი შიმშილობის და ჩვენ ძალიან გვეშინია! – გვეშინია შენი ჯანმრთელობის, შენი სიცოცხლის გამო!
ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა! ამიტომ გვჯერა, რომ ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადასვლა შეგვიძლია – ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება!
გვენატრები, გვიყვარხარ და ძალიან გვჭირდები!"- წერია ჟურნალისტების წერილში.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 33-ე დღეა შიმშილობს, ის „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს.
„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.