ლარი გაუფასურებას ისევ აგრძელებს. ახალციხელები შიშობენ, რომ დოლარის გაძვირების შედეგები საკუთარ ბიუჯეტზე უარყოფითად უახლოეს დღეებში აისახება.
პროდუქტზე ფასები ჯერ არ გაზდილა, თუმცა ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ სურსათის შესაძენად მალე უფრო მეტი თანხის გაღება მოუწევთ. საზოგადოება პრობლემის მოგვარებას მთავრობისგან ითხოვს.
ახალციხის ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში კლიენტთა რაოდენობამ იკლო. ამის მიზეზად, ჯიხურის მეპატრონეები ვალუტის კურსის ყოველდღიურ ცვლილებას ასახელებენ. მათი თქმით, ერთ დღეში დოლარი თითქმის ორი თეთრით გაძვირდა.
ეკონომისტები ლარის გაუფასურებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. დავით ბიძინაშვილის განმარტებით, მთავრობა საგარეო ვალების გასტუმრების პროცესშია, რომლის ყველაზე რთული ეტაპი მიმდინარე წლის ბოლო თვეები და 2017 წლის პირველი კვარტალია. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, განმარტავს, რომ საქართველოს თანხის გადახდა უცხოურ ვალუტაში უწევს, რაც ლარზე უარყოფით გავლენას ახდენს. გარდა ამისა, შემცირებულია ექსპორტი, უცხოეთიდან ფულადი გზავნილები და ტურისტთა ნაკადი. ეკონომისტები პასუხისმგებლობას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სამთავრობო სტრუქტურას აკისრებენ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ტურისტების რაოდენობის, ფულადი ტრანზაქციებისა და ექსპორტის შემცირებას უარყოფს და საზოგადოებას საპირისპირო მონაცემებს სთავაზობს. ნოდარ ხადური ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში ლარის კურსი აუცილებლად გამყარდება.
დოლარის კურსის დაწევას პროგნოზირებს ეკონომისტების ნაწილიც. თუმცა მთავრობისგან განსხვავებით, ისინი ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე კურსის უმნიშვნელო კლებაა მოსალოდნელი, რაც ზოგად სურათზე რადიკალურ გავლენას ვერ მოახდენს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე, რამაზ ალავიძე.