მცოცავი ოკუპაცია საქართველოში და ახალციხელი პოლიტიკოსების შეფასებები – აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელები შეშფოთებას გამოთქვამენ და ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება ოკუპაციის შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, აღნიშნულის არ სჯერათ ოპოზიციურ ძალებს.
რუსული მხარის მიერ საქართველოს საზღვრების ძველი ნიშნულიდან, დაახლოებით კილომეტრ ნახევრით გადმოწევას ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიები აფასებენ. ახალციხის მერი და „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, თუმცა რა კონკრეტული ღონისძიებები შეიძლება გაატაროს ოკუპაციის შესაჩერებლად ხელისუფლებამ, გიორგი კოპაძე ამბობს, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი, ოკუპაციის შეჩერების გზად რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვას ხედავს. ჯიმშერ გოგოლაური ირწმუნება, რომ აუცილებებლია მუდმივად გაგრძელდეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელისუფლებას მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად დღემდე არაფერი გაუკეთებია.
ჯიმშერ გოგოლაურისაგან განსხვავებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრები უნდა შეწყდეს, რადგან მას საქართველოსათვის შედეგი ჯერ არ მოუტანია. გელა დემეტრაძის თქმით, ხელისუფლება ფაქტის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი.“ ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც იმას გამორიცხავს, რომ ბოლო პერიოდში, რუსეთის მხრიდან ნიშნულის კილომეტრნახევრით გადმოწევა, მოსკოვში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ვიზიტს უკავშირდებოდეს.
რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევის ბოლო ფაქტი მიმდინარე წლის 10 ივლისს დაფიქსირდა. რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აღნიშნულის სიახლოვეს ბაქო-სუფსის მილსადენი მდებარეობს. სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ორჭოსანისა და წითელუბნის გარდა, სოკუპაციო ხაზი ცენტრალურ მაგისტრალსაც უახლოვდება, აქედან რუსული მხარის მიერ დადგმული ახალი ნიშნული 450 მეტრში მდებარეობს.