სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ დაკავებული პოსტი დატოვა. ამასთან ერთად ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა განცხადება დაწერა „ქართული ოცნების“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თამჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზეც. იგი პოსტების დატოვების მიზეზად, თბილისიდან ახალ შემოთავაზებებს ასახელებს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.
ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა და კოალიცია „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი ერთდროულად დატოვა. კაჭკაჭაშვილი „მეცხრე არხთან“ სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ თანამდებობების დატოვების მიზეზი დედაქალაქიდან ახალი სამსახურის შეთავაზება გახდა, თუმცა რა სფეროში აპირებს მუშაობის გაგრძელებას – ამას არ აკონკრეტებს.
კაჭკაჭაშვილი „მეცხრე არხთან“ იმასაც განმარტავს, რომ თანამდებობებიდან წასვლით კოალიცია „ქართული ოცნება” არ დაუტოვებია. მოადგილის გადადგომაზე მცირე კომენტარი გააკეთა მხარის გუბერნატორმა. აკაკი მაჭუტაძე, კაჭკაჭაშვილის მოადგილის პოსტზე მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა მისი წასვლის მიზეზებზე ვერ საუბრობს.
ავთანდილ კაჭკაჭაშვილის თანამდებობიდან წასვლას აფასებს, ადიგენის „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე. ლევან ლობჯანიძისთვის კაჭკაჭაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება მოულოდნელი იყო, თუმცა გასაკვირი არა. ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან მისი იმპიჩმენტის წესით გადაყენებას, სწორედ კაჭკაჭაშვილს უკავშირებს.
ავთანდილ კაჭკაჭაშვილი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ გასული წლის იანვრის თვეში დაინიშნა, აღნიშნულ პოსტს იგი წელიწადნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ და „ქართული ოცნების“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, აღნიშნული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები 13 ივლისს დაწერა.