ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხაში, 1–ლ ნოემბერს, დამწვარი სკოლის შენობის სანაცვლოდ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ალტერნეტიული ფართი გამოყო.
დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლას ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ სამ ოთახში გააგრძელებენ. ახალქალაქის რესურს–ცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩიფჩიანი განმარტავს, რომ პრობლემის გადასაჭრელად სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მუშაობს.
ადგილობრივების ვარაუდით, ხანძარი სახურავში გაჩნდა, რის გამოც სკოლის შენობა მთლიანად დაიწვა. ჩუნჩხის საჯარო სკოლა ორ შენობაში იყო განთავსებული. აქედან მხოლოდ ერთი დაიწვა, მეორე შენობას კი საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეები ორი სოფლიდან – პტენიდან და ჩუნჩხიდან დადიოდნენ. სკოლის დირექტორის მოადგილე გოჩა გელაძე მიყენებულ ზარალზე საუბრობს.
გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა შენობა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. ადგილობრივებმა მოსწავლეების და მასწავლებლების გამოყვანა დროულად შეძლეს.