ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ ექვსი თვის განმავლობაში კომპლექსში დაფიქსირებული ვიზიტორების რაოდენობა გამოაქვეყნა. 2015 წლის იანვარ – ივნისში, ციხეზე 49 855 დამთვალიერებელი დაფიქსირდა.
როგორც ახალციხის ციხის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი განმარტავს, გასულ წელთან შედარებით, ამ პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო. თუმცა ლილი გოზალიშვილის თქმით, ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა, რაც უცხოელი ტურისტებისათვის ბილეთისა და გიდის მომსახურების ფასის ზრდამ განაპირობა.
გოზალიშვილის განმარტებით, ისტორიულ კომპლექსს ვიზიტორები, ძირითადად, ისრაელიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან სტუმრობენ.
წელს საგრძნობლად შემცირდა უკრაინელი ტურისტების რაოდენობა, რაც აღნიშნულ ქვეყანაში არსებულმა დაძაბულმა მდგომარეობამ გამოიწვია.
ადმინისტაციის წარმომადგენელთა განმარტებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ციხის ბიუჯეტში 206 275 ლარი შევიდა.