სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, კოორდინაციის სამსახურის უფროსი გიორგი როინიშვილი, რეგიონული პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსი – მინდია ღლონტი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურისა და შესყიდვების სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე 2015 წელს რეგიონული პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებსა და მათ შესრულებაზე იმსჯელეს. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის გამგებლებს პროექტების განხორციელებისას, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებს პროექტების ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები მისცეს.
მიმდინარე წელს მხარის მასშტაბით, რეგიონული პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 725 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.