შორეთის ტაძრის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას, ივნისის თვეში აპირებდა. სააგენტოში ამბობენ, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, ამ ეტაპზე, მათი ბიუჯეტის კორექტირება მიმდინარეობს. ამიტომ, ძეგლის რეაბილიტაციის დაწყების თარიღი შეიცვალა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. თუმცა, რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2015 წლის პროგრამის ფარგლებში აუცილებლად განხორციელდება და 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
შორეთის ტაძრის საპროექტო–სარეაბილიტაციო დოკუმენტაცია, უკვე მზად არის. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძეგლისთვის, პირვანდელი სახის დაუბრუნება იგეგმება.
შორეთის სამონასტრო კომპლექსი ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი აგების კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. ისტორიკოსების თქმით, ძეგლის მშენებლობა წინარე ქრისტიანული ხანიდან იწყება. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპლექსი მეოთხე საუკუნეშია აგებული, თუმცა არქეოლოგიური დათვალიერების შედეგად, ტერიტორიაზე, როგორც მეოთხე, ასევევ მერვე, მეცხრე, მეთორმეტე და მეთოთხმეტე საუკუნის მშენებლობის კვალია აღმოჩენილი.