ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება ადიგენის მუნიციპალიტეტში კურეორტ აბასთუმანს, სადაც ქვესადგური დაიტბორა და ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა.
უხვი ნალექის გამო, მუნიციპალიტეტში დაიტბორა საგზაო ინფრასტრუქტურა, ნიაღვარმა გზებზე ნაშალი მიწა ჩამოიტანა.
სტიქიის შედეგად, სოფელ საღრძესთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად ჩამორეცხილია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის განმარტებით, ძლიერმა წვიმამ სოფელები გორგული, ყარათუბანი, ლელოვანი, კურორტი აბასთუმანი და დაბა ადიგენი დააზარალა.
ენდელაძის თქმით, დაზიანებულია ყარათუბანი-ლელოვნის დამაკავშირებელი სახელმწიფო მნიშვნელობის ხიდიც. აღნიშნულის შესახებ ცენტრალურ უწყებებს უკვე ეცნობა, რაზეც ისინი მოახდენენ რეაგირებას.
ადიგენის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. გამგეობაში ამბობენ, რომ სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია.