გეოლოგი ალექსი ბერიძე, ათეული წლებია სამცხე-ჯავახეთში ნიადაგის მდგომარეობას იკვლევს. მისი თქმით, რეგიონში დამეწყრილი ზონების, მდინარეების ადიდებისა და დასახლებული პუნქტების დატბორვის საშიშროება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ბერიძის თქმით, აღნიშნული საშიშროებების წინაშე სამცხე-ჯავახეთში ასპინძის, ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები დგანან. გეოლოგი სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გაუთვალისწინებელი მშენებლობები და გაჩეხილი ტყეებია.
სპეციალისტების თქმით, რეგიონში გეოლოგების საჭიროების მიუხედავად, მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება. მათი დასკვნის გარეშე დაწყებული მშენებლობა კი სტიქიური ზონების რაოდენობას ზრდის. ძლიერი წვიმის, სეტყვის, მეწყერისა და გვალვის გახშირებული შემთხვევების მიზეზებზე ეკოლოგებიც საუბრობენ.
ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელების დაწყებამდე, ხდება თუ არა სამცხე-ჯავახეთში, ნიადაგის გეოლოგიური შემოწმება – კითხვაზე მხარის გუბერნატორი გვპასუხობს, რომ მშენებლობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა იყოს სპეციალისტების დასკვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი უკანონოდ ჩაითვლება. აკაკი მაჭუტაძის თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში მხოლოდ იმ გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლიც უკვე ათეული წლებია არსებობს და მათი აღდგენა გეოლოგიურ დასკვნას აღარ საჭიროებს.
მეწყერისა და წყალდიდობის გარდა, გეოლოგები რეგიონში ზვავსაშიშროებაზეც საუბრობენ. მათი თქმით, ამ მხრივ ყველაზე რთული ადგილი კურორტი ააბასთუმანია. აქ უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში გაჩეხილი ტყე თოვლის დიდ მასას ვერ დააკავებს და კურორტის დიდი ნაწილი ზვავის ქვეშ მოყვება. გეოლოგები არაერთ სტიქიურ მოვლენას იხსენებენ, რომელმაც რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. წყალდიდობა და მისი შედეგი – დატბორილი სოფლები, ჩამოწოლილი მეწყერი, ჩახერგილი გზები და დანგრეული სახლები – გეოლოგები ამბობენ, რომ რეგიონს ისეთი სტიქიაც ახსოვთ, რომელმაც მდინარე მტკვარს კალაპოტი შეუცვალა.