ახალციხის მერის კიდევ ერთი დაპირება ამომრჩეველს, რომელიც ვერ ხორციელდება. გიორგი კოპაძე მიმდინარე წელს დახურული საცურაო უზისა და სპორტის სასახლის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა იმ ტერიტორიაზე, სადაც ახალი ობიექტების მშენებლობისათვის იყო გამოყოფილი, სამუშაოები ამ დრომდე დაწყებული არ არის.
ეს განცხადება ახალციხის მერმა „მეცხრე არხის“ ეთერით გასული წლის ოქტომბრის თვეში გააკეთა. გიორგი კოპაძე ირწმუნებოდა, რომ 2015 წელს სპორტის სასახლისა და საცურაო აუზის მშენებლობა აუცილებლად დაიწყებოდა, თუმცა ისევე როგორც ამომრჩევლისათვის მიცემული სხვა მასშტაბური პროექტის დაპირება, ჯერჯერობით ესეც შეუსრულებელია. ახალციხელები ქალაქში სპორტის სასახლისა და საცუარაო აუზის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ობიექტების მშენებლობა ხელს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას შეუწყობს. ადგილობრივების ნაწილს ახალი კომპლექსის მშენებლობის იმედი არ აქვს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახალციხის მერი დაპირებას აუცილებლად შეასრულებს.
“წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების კანდიდატები დაპირებებით მხოლოდ მანიპულირებდნენ“-აცხადებს მეცხრე არხთან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის წევრი და მერობის ყოფილი კანდიდატი. გელა დემეტრაძე განმარტავს, რომ სპორტის სასახლისა და საცურაო აუზის მშენებლობა მერის პოპულისტური იდეა იყო და ადგილობრივი ბიუჯეტით იგი ვერ აშენდებოდა.
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის რეგიონული კოორდინატორი ამბობს, რომ გიორგი კოპაძემ სხვა დაპირებების მსგავსად, სპორტის სასახლისა და აუზის მშენებლობის შესახებაც ამომრჩეველი მოატყუა. ოპოზიციური პარტიის წევრს არც იმის იმედი აქვს, რომ ქალაქით ინვესტორები დაინტერესდებიან. ჯიმშერ გოგოლაურისაგან განსხვავებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი, შალვა გოგოლაძე იმედოვნებს, რომ მერი ადრე თუ გვიან აღნიშნულ დანაპირებს შეასრულებს.
რატომ გასცა მერმა დაპირება, რომელიც შესწავლილი არ ქონდა და როდის დაიწყება აღნიშნული პროექტების განხორციელება? ამ კითხვაზე პასუხი მერისგან იმ მიზეზით ვერ მივიღეთ, რომ ქალაქის პირველმა პირმა რამდენიმე დღის განმავლობაში ,,მე-9 არხთან“ კომენტარის გასაკეთებლად ვერ მოიცალა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არც მისმა მოადგილეებმა ისურვეს. დაინტერესდებიან თუ არა ინვესტორები პროექტით და დაიწყება თუ არა დაპირებული სპორტის სასახლისა და დახურული საცურაო აუზის მშენებლობა ეს ჯერ უცნობია.