საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ახალციხეს ესტუმრნენ.
თინათინ ხიდაშელმა და ვახტანგ კაპანაძემ ჯავშანსატანკო ცენტრი დაათვალიერეს და ახალციხის ციხის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსანტებს დიპლომები გადასცეს. უმცროს ოფიცერთა, ტანკის მეთაურთა და მექანიზირებულ სპეციალისტთა მსმენელებს, მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
დიპლომი 36-მა კურსანტმა მიიღო.
ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში, კურსანტებმა 9 თვიანი მომზადების პროგრამა გაიარეს, რომელიც ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მართვას გულისხმობდა. სწავლებისას სამხედრო მომსახურეებმა ტაქტიკური, ტექნიკური და საინჟინრო მომზადება გაიარეს. საწვრთნელი პროგრამა ძირითადად საველე-პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა.
კურსის გავლის შემდეგ, ოფიცრები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და სამსახურს შესაბამის თანამდებობაზე გააგრძელებენ.
ღონსძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,მესხეთმა“ მიიღო.