სეტყვამ და ქარმა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. მთელი დღის განმავლობაში ელექტრო-ენერგია ნინოწმინდის, ახალქალაქისა და აბასთუმანის მოსახლეობას, ასევე, ახალციხის 200-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. ძლიერმა ქარმა ქალაქში ხე მოგლიჯა, რამაც ბუნებრივი აირის სისტემა დააზიანა.
ძლიერმა წვიმამ და ქარმა ახალციხეში ბაღინაშვილის ქუჩაზე, ხე ძირანად მოგლიჯა და ელექტროსადენის ბოძს დაეცა. შემთხვევის დროს დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები. აღნიშნულის გამო, დღე–ღამის განმავლობაში ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. ძლიერი ქარისაგან წაქცეულმა ხემ და ბეტონის ბოძმა სედა სარქისიანის ღობეც დააზიანა.
ბაღინაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მაგისტრალის დააზიანების გამო, 100-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდებოდა. როგორც გაზკომპანია „ინტერგაზში“ განმარტავენ, პრობლემის მოგვარება იმ ფაქტმა შეაფერხა, რომ მილებს ბეტონის ბოძი დაეცა, აღდგენითი სამუშაოები კი ჯერ „ენერგო–პრო ჯორჯიას“ უნდა შეესრულებინა. ბუნებრივი აირის ქსელის დაზიანებისას მიმდებარე ტერიტორიაზე გაზმაც გაჟონა, თუმცა მისი გადაკეტვა დროულად მოხდა.
ბოძის წაქცევის გამო, ბაღინაშვილის ქუჩაზე ელექტრო სადენები მთლიანად დაზიანდა, რის გამოც ათობით აბონენტი დენის გარეშე დარჩა. ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის პრობლემა ახალციხეში კიდევ 5 ქუჩას შეუქმნა. „ენერგო-პრო -ჯორჯიას“ თანამშრომლები სარემონტო სამუშაოებს ამ დრომდე ასრულებენ, რის გამოც ქალაქში ერთი ფიდერი გამოირთო. როგორც ენერგოკომპანიის სამხრეთ საქართველს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი განმარტავს, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.
სტიქია სამცხე-ჯავახეთში 3 ივნისს საღამოს საათებში მოხდა, აღნიშნულს გამო, რეგიონში 3 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ახალციხეში პრობლემა შეექმნა საკანალიზაციო სისტემასაც. ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში კი გზები დაზიანდა.