დაპირების მიუხედავად, ახალციხეში საბავშვო ბაღის აღმზრდელები მომატებულ ხელფასებს, მიმდინარე წელს ვერ მიიღებენ. ქალაქის მერი აღნიშნული საკითხის გათვალისწინებას 2015 წლის ბიუჯეტში აპირებდა, თუმცა ბაღის თანამშრომლების ანაზღაურება ამ დრომდე არ შეცვლილა. ქალაქის მერის თქმით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა წელს აღნიშნული პრობლემის მოგვარება ვერ მოხდება.
ეს განცხადება „მეცხრე არხის“ პირდაპირი ეთერით ახალციხის მერმა, გასული წლის ოქტომბრის თვეში გააკეთა, მაშინ როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს გეგმავდა. მას შემდეგ 8 თვე გავიდა, თუმცა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არც ტესტირება ჩატარებულა და არც თანამშრომლების ხელფასების საკითხი მოგვარებულა.
მიზერულ ანაზღაურებაზე საუბრობენ ბაღის თანამშრომლები. აღმზრდელები ამბობენ, რომ მათი დატვირთვა და პასუხისმგებლობა სკოლის პედაგოგებისას არ ჩამოუვარდება, თუმცა წლებია მათი ხელფასი 268 ლარს შეადგენს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფელებას ხელფასების მომატებას სთხოვენ.
ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, ბაღებში პედაგოგებისათვის 30 პროცენტით ხელფასის მომატების ერთ-ერთი ინიციატორი, ა/ო სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე იყო. მარინა მოდებაძე ამბობს, რომ ბიუჯეტზე მუშაობისას ქალაქის თვითმართველობამ, მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მას აღმზრდელებისთვის ანაზღაურების გაზრდის ინიციატივა გასულ წლებშიც ჰქონდა, როგორც თავბად ამბობს, მაშინდელმა ხელისუფლებამ აღნიშნული ინიციატივა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე განმარტავს, რომ პედაგოგებს მიზერული ხელფასები აქვთ და მისი გაზრდა აუცილებელია.
რატომ ვერ შეასრულა დაპირება ქალაქის მერმა – გიორგი კოპაძე გვპასუხობს, რომ ქალაქში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობდა, რაც მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაითვალისწინეს. ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასის მოსამატებლად კი ბიუჯეტში თანხა აღარ დარჩა. ქალაქის მერი აღმზრდელებს უკვე მეორედ პირდება, რომ გაზრდილ ხელფასებს ისინი მომავალ წელს მიიღებენ.
ახალციხის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 8 საბავშვო ბაღი შედის, სადაც 210 თანამშრომელი მუშაობს. ბაღის აღმზრდელები ამბობენ, რომ უკვე ორი წელია მათი ანაზღაურება არ შეცვლილა. გაითვალისწინებენ თუ არა ქალაქის ხელმძღვანელი პირები 2016 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლების მოთხოვნებს, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გაირკვევა.