საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ივნისს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა შესრულდა.
ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ნიკოლოზმა აღასრულა და მრევლს ნინოობის შესახებ უქადაგა.
წმიდა მოციქულთასწორი ნინო საქართველოში 323 წელს ჯავახეთის მთაბიდან შემოვიდა. იგი წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ ის წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27იანვარს – გარდაცვალება.