26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, ახლციხეში სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება გაიმართა. ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალციხის ჯავშან–სატანკო სასწავლო ცენტრის შეიარაღების, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალციხის ავტო–სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავშან–სატანკო–სასწავლო ცენტრის შეიარაღების გამოფენით გაიხსნა. ათი საათიდან საღამოს ექვსი საათის ჩათვლით, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამხედრო აღჭურვილობა და მძიმე ტექნიკა დაეთვალიერებინათ. ეს დღე განსაკუთრებით სახალისო პატარებისთვის იყო, რომლებმაც სამხედრო ფორმები მოირგეს და ტექნიკასთან ფოტოები გადაიღეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სპორტული შეჯიბრებით გაგრძელდა, ახალციხელმა მძლეოსნებმა სტარტი შოთა რუსთაველი ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს. ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე საფინალო მატჩი გაიმართა ფეხბურთში, სადაც ერთმანეთს ქალაქის საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. ახალციხის ციხის ტერიოტიაზე ტურნირი მოეწყო ჭადრაკში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში. ბაიკერებმა კი ახალციხელი მაყურებლისათვის მოტო–შოუ გამართეს. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები მერიისგან სერთიფიკატებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სპორტის გარდა, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე კულტურული ღონისძიებებიც მოეწყო. გაიმართა ღვინის ფესტივალი, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა. პატარებს კი თოჯინების თეატრმა უმასპინძლა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული და კულტურული ღონიძიებები ახალციხის მერიის ორგანიზებით მოეწყო. როგორც „მეცხრე არხთან“ კულტურის სამსახურის უფროსი მარინა გოგოლაძე განმარტავს, აღნიშნულისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 000 ლარი დაიხარჯა.
26 მაისი საქართველოსათვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს, ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა, თუმცა ორი წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებლობას კვლავ კარგავს, 1991 წელს კი რეფერენდუმის გზით ისევ იბრუნებს. უკვე 24–ე წლია საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.