ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-7 სხდომა ხმაურით და დაპირისპირებით დაიწყო. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მესამე საკითხად გატანილი – არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის – ,,ქალაქ ახალციხის ტბის” დაფუძნება გააპროტესტეს.
ადგილობრივი ბიუჯეტის თანხის არასწორ ხარჯვად მალხაზ გიქოშვილი ააიპ–ის – ,,ქალაქ ახალციხის ტბის” შექმნას მიიჩნევს. საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიების დეპუტატების უკმაყოფილება, სწორედ ამ საკითხის განხილვას მოჰყვა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა პროექტის ეკონომიკური დასაბუთება მოითხოვეს.
ხელოვნური ტბის კერძო პირისთვის გადაცემას არ ეთანხმება ქალაქის მერი. გიორგი კოპაძე ამბობს, რომ ტერიტორიის გასხვისება ქალაქისთვის სასურველი შედეგის მომტანი არ იქნება. ტბის იერსახეზე ზრუნვა, მწვანე ნარგავების მოვლა, სათევზაო ინფრასტრუქტურის შექმნა და ტურისტებისთვის ველოსიპედების, კარვების, ნავების გაქირავება – ამ საკითხების მოგვარება იქნება იმ ააიპის ძირითადი მოვალეობა, რომლის დაფუძნებასა და წესდების დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა.
დეპუტატებმა დღეს საკრებულოს სხდომაზე სულ 7 საკითხი განიხილეს. მათ შორის ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა იყო. 1 მლნ. 433 ათასი ლარი ქალაქის 9 ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხებისა და გაბიონების მოწყობას მოხმარდება. ქალაქ ახალციხეს ახალი სიმბოლიკა – გერბი და დროშა ექნება. დღეს საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილება ამაზეც მიიღეს.