ევროპა თუ ევრაზიული კავშირი – რას ფიქრობენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ენდიაის კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც საზოგადოებაში პრორუსული განწყობები გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა. სამოქალაქო სექტორის აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ დასავლელი პარტნიორები ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამენ, შესაძლოა საქართველომ ევროპასთან ურთიერთობებს გადახედოს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყნის ევროპულ არჩევანს საფრთხე არ ემუქრება.
ევროკავშირის უმოქმედობაზე კითხვები არა მარტო ეთნიკურ უმცირესობებს, არამედ ქართველ მოსახლეობასაც აქვს – ეს განცხადება გოდერძი კუბლაშვილმა თოქ-შოუ ,,დიალოგში“ გააკეთა. ა/ო ,,საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს და ქვეყანამაც ევროპული კურსი შეცვალოს.
საზოგადოების პრორუსულად განწყობილი ნაწილი სამცხე–ჯავახეთში იყო, არის და იქნება – ამბობს ახალციხის ბიზნეს ცენტრის დირექტორი. გოჩა ათოშვილი ევრაზიული კავშირის მომხრე პირთა მატების მიზეზად სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის მერყეობას ასახელებს. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლის თქმით კი, ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების უმეტესობა ეკონომიკური კრიზისიდან ხსნას რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასა და დაახლოებაში ხედავს. სწორედ ამით ხსნის მზია ინასარიძე ენდიაის კვლევის შედეგებს.
საქართველოს ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია – ამბობს ახალციხის ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის კოორდინატორი. ედუარდ აივაზიანი თვლის, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, ქართულ პროდუქციას რუსული ბაზრის კარს გაუხსნის, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს.
ედუარდ aivaziani გააქტიურებულ პრორუსულ ძალებს სამცხე-ჯავახეთში ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ დედაქალაქში მათი აქტივობები აშკარად შესამჩნევია. აივაზიასგან განსხვავებით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლა გასაკვირი სულაც არ არის.