ევროკავშირი-საქართველოს წარმომადგენლობამ ახალქალაქში ევროპის დღე აღნიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი ესტუმრა. მან სამხარეო რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმმადგენლებთან შეხვედრა გამართა. რა დროსაც რეგიონის გამოწვევებსა და ერთობლივ გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაკეთდა.
ევროპის დღესთან დაკავშრებით, ახალქალაქს ევროკავშირის ელჩი ესტუმრა. იანოშ ჰერმანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონის გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალქალაქში ვიზიტი მისი სურვილით მოხდა და ამის მიზეზია ის, რომ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ რეგიონში, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და კოოპერატივების ხელშეწყობისთვის დიდი თანხაა ჩადებული. იანოშ ჰერმანმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ევროკავშირის სიკეთეები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, განმარტებით, იგი ელჩს პირისპირ შეხვდა და მათ ერთობლივად მნიშვნელოვანი გეგმები დასახეს. აკაკი მაჭუტაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან, არსებობს იმედები, რომ კოოპერატივების წახალისებისა და ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.
ევროპის დღის აღსანიშნავად, ახალქალაქის კულტურის ცენტრში, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, მცირე ფერმერულმა კოოპერატივებმა საკუთარი წარმოების საკვები პროდუქტი წარმოადგინეს. მათ კარტოფილის, ყველის, თაფლის, მწვანილისა და სხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 870 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია წარმოდგენილი. მათ შორის, პირველ ადგილზე, კოოპერატივების რაოდენობით, სამცხე-ჯავახეთია, სადაც 150 გაერთიანებაა შექმნილი. კონკრეტულად ახალქალაქში კი 32 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ფუნქციონირებს.
ENPARD-ის პროგრამის ინიციატივით, ევროპის დღეები, საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქში მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ქობულეთში ტარდება.