პატრიარქის ვიზიტი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში გრძელდება. დღეს ილია მეორემ არლისა და ზარზმის მონასტრები მოილოცა. უწმინდესმა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებასთან დაკავშირებით, უდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში პარაკლისი აღავლინა და იქადაგა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ადიგენში ვიზიტი არლის წმ. ნინოს სახელობის მონასტრიდან დაიწყო. ილია მეორეს ადგილობრივი მრევლი ყვავილებით მიეგება. უწმინდესმა მორწმუნეები დალოცა და ქვეყანაში არსებულ სირთულეებზე იქადაგა. პატრიარქმა არალში წმინდა ნინოს სახელობის მონასტერთან არსებული სკოლის, შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენაც დაათვალიერა.
„ეს არის ისტორიული მოვლენა და უდიდესი მადლი ჩვენი სოფლისთვის“-ასე გამოეხმაურნენ პატრიარქის სტუმრობას არლისა და უდის მკვიდრნი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ილია მეორის სტუმრობა, ეპარქიაში მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ახალგაზრდას რწმენას გაუძლიერებს.
12 მაისს მართლმადიდებლური სამყარო ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, პატრიარქმა უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის taZarSi პარაკლისი გადაიხადა.ანდრია პირველწოდებული საქართველოში დიდაჭარიდან შემოვიდა, მართლმადიდებლობა იქადაგა და მესხეთში გადავიდა. მან აწყურში ეკლესია ააშენა და ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა.
დღის ბოლოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ზარზმის ღვთის მშობლის მიძინების მამათა მონასტერს ეწვია. უკვე მეორე დღეა ილია მეორე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში იმყოფება. უწმინესის ვიზიტი, აჭარიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანებასა და ღვთისმშობლის კვირეულს უკავშირდება. ილია მეორე 13 მაისს აწყურის მონასტერში პარაკლისს გადაიხდის და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას დატოვებს.