გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. იგი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელ დიმიტრი ყიფიანთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სანიტარული ჭრების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთობლივ სანიტარულ ჭრებს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე დაიწყებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ხმელი, ხმობადი და მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხეები, მოიჭრება, ტყიდან გამოიტანება და დაახლოებით 400 ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა. სანიტარულ ჭრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტი განახორციელებს, პროცესს მონიტორინგს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური გაუწევს. ჭრების დასრულების შემდეგ, პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წელს, ტყის აღდგენის სამუშაოებს განახორციელებს.
სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივი გავრცელება 2011 წლიდან გამოვლინდა. ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო, ძირითად სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს და მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია. სანიტარული ჭრა, სწორედ აღნიშნული ტერიტორიიდან დაიწყება, ხოლო შემდგომ წლებში რეგიონის მასშტაბით განხორციელდება.
ეროვნული სატყეო სააგენტო, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით 2012 წლიდან ახორციელებს. საუკეთესო შედეგებისთვის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების მიერ რეკომენდირებულია სანიტარული ჭრების განხორციელება.