სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროში ახალი სერვისი ამოქმედდა. სასამართლოში სამოქამაქო დავებს უკვე ბიუროც განიხილავს. მსურველებს უფასო კონსულტაციებსა და ადვოკატირებას, ბიუროს მხოლოდ ერთი თანამშრომელი გაუწევს.
ხათუნა თოდუა აფხაზეთიდან დევნილია, იგი ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილთან ერთად ცხოვრობს. როცა ოჯახთან ერთად მშობლიურ კუთხეს იძულებით ტოვებდა, გზაში ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაკარგა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დოკუმენტების არარსებობის გამო, სახელმწიფომ დედა-შვილობის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა. ეს არის მიზეზი, როს გამოც მარტოხელა დედას სოციალურ დახმარებაზე უარი უთხრეს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 150 ლარიანი პენსიაა, რომელსაც მისი შვილი იღებს. ხათუნა თოდუამ სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს, შვილზე მეურვეობის მოპოვების მიზნით მიმართა.
სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს სასამართლოში წარმომადგენლობა ახლა უკვე სამოქალაქო დავების განხილვის დროსაც ეყოლება. მისი ხელმძღვანელი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ უფასო იურიდიულ დახმარებას სოციალურად დაუცველი ის პირები მიღებენ, რომლებსაც დავები საოჯახო, სამემკვიდრეო და სოციალური კუთხით აქვთ. დავით ზარიძის თქმით, მოქალაქეებს ბიურო აქამდე მხოლოდ სისხლის სამართლის კუთხით ეხმარებოდა.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გარდა, უფასო იურიდიული დახმარებით ომის ვეტერანები და დევნილებიც ისარგებლებენ. სამოქალაქო სამართლის კუთხით, უფასო კონსულტაციებსა და ადვოკატირებას, ბიუროს მხოლოდ ერთი თანამშრომელი გაუწევს. გია სურმანიძემ სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროში მოსახვედრად შესარჩევი კონკურსი გაიარა. ამბობს, რომ სამოქალაქო სამართლის კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. იგი წლების განმავლობაში ბათუმში ჯერ კერძო საადვოკატო ბიუროში, შემდეგ კი სხვადსხვა საჯარო სამსახურში მუშაობდა.
იურიდიული დახმარების ბიურო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის. უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფს.