ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა გაგრძელდა.
პროცესზე მესამე პირად ჩართული, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მედიასაშუალებებთან ურთიერთობის წამყვანი სპეციალისტი ლონდა ფილიშვილი არ გამოცხადდა.
სხდომაზე მოსარჩელე მხარის ადვოკატმა, ბორჯომის გამგეობის წარმომადგენლის გიორგი ჭანკოტაძის, როგორც მოპასუხე მხარის, აცილება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ეკა აბაშიძე განმარტავს, რომ ჭანკოტაძე საკონკურსო კომისიის წევრი იყო და დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდა, ამიტომ მოსამართლეს იგი უნდა აეცილებინა.
თავად მოპასუხე მხარემ პროცესის გარიგებით დასრულება მოითხოვა და ნატა კოპაძეს კულტურის სამასახურში სპეციალისტის თანამდებობაზე ხელშეკრულებით აყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ დღეს კიდევ ერთი შუამდგომლობა, მოწმის სახით ანა ბაქრაძის დაკითხვა დააყენა. რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ნატა კოპაძე და მისი ადვოკატი ირწმუნებიან, რომ ლონდა ფილიშვილი და ანა ბაქრაძე, წინა საარჩევნოდ საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაზა ჩაჩანიძესთან ერთად „ქართული ოცნების“ შტაბში მუშაობდნენ, ამიტომ ბაქრაძის დაკითხვა მნიშვნელოვანი იქნება.
გარდა ამისა, ბორჯომის გამგეობის მედიასთან ურთიერთობის ყოფილი სპეციალისტი, თვითმმართველობაში ნეპოტიზმის სხვა ნიშნების არსებობაზეც საუბრობს.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში შემდეგი სხდომა 18 მაისს 16:00 საათზე ჩაინიშნა.