სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის დავით კუბლაშვილის საქმეზე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა. მოსამართლეს დღეს სამოტივაციო ნაწილი არ წაუკითხავს თუმცა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულმა ახალგაზრდების მკვლელობა დაგეგმა.
სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობისა და ერთის – მკვლელობის მცდელობისათვის უვადო პატიმრობა – ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილ უფროსს გამოუტანა. იმის გამო, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ დავით კუბლაშვილი შეურაცხადად ცნო, გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული გამოჯანმრთელებამდე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმკურნალებს. მოსამართლეს სხდომაზე სამოტივაციო ნაწილი არ გამოუქვეყნეიბა, თუმცა განაცხადა, რომ კუბლაშვილმა ახალგაზრდების მკვლელობა დაგეგმა და დანაშაულის ჩადენისას საღ გონებაზე იყო.
სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე, სხდომა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით დაიწყო. ადვოკატების მტკიცებით, დავით კუბლაშვილმა, მკვლელობა მძიმე აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა. პროკურორი მამუკა ქომოშვილი მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს კანონიერს უწოდებს. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ კი ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს. დაცვის მხარე კუბლაშვილის ინტერესების დაცვას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
სასამართლო პროცესს გარდაცვლილი ახალგაზრდების თანასოფლელები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. მართლმასაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი კუბლაშვილისათვის 20–წლამდე პატიმრობის შეფარდებას ელოდნენ, თუმცა ამბობენ, რომ მოსამართლემ ობიექტური განაჩენი გამოიტანა. დაზარალებული მხარე მსჯავრდებულის შვილის მირზა კუბლაშვილის დასჯასაც მოითხოვს.
ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვლელობა გასული წლის 28 აგვისტოს მოხდა. მუნიციპალიტეტის საჯარო რეესტრის ყოფილმა უფროსმა შელაპარაკების ნიადაგზე სამი თანასოფლელი მოკლა, ერთი კი მძიმედ დაჭრა. საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობდა.