ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპი იწყება. გასაუბრებაში მონაწილეობას 75 კონკურსანტი მიიღებს.
18 და 19 აპრილს ჩატარებულ ტესტირებაზე 205 მონაწილიდან 117 მათგანი გამოცხადდა. კომპეტენციის მინიმალური ზღვარი კი მხოლოდ ორმოცმა კონკურსანტმა გადალახა. მათთან ერთად გასაუბრების ეტაპს ის პიროვნებებიც გაივლიან, რომელთაც წინა კონკურსის დროს ტესტირება წარმატებით ჩააბარეს, მესამე ეტაპი კი ვერ გაიარეს.
ცვლილებაა მოსალოდნელი საკონკურსო კომისიაშიც. წევრთა რაოდენობა, შესაძლოა, შვიდამდე გაიზარდოს. ახალციხის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის, ილია ზარდიაშვილის თქმით, რეგიონული განვითარების ასოციაციიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში 6 კაციან კომისიას ერთი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციიდან დაემატება.
კონკურსანტებთან გასაუბრება 1 მაისიდან დაიწყება. იგი სავარაუდოდ ორ კვირაში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაიწყო. გამგეობამ ვაკანსია 29 პოსტზე გამოაცხადა, ხოლო საკრებულომ ორ – პოზიციაზე.